ილუსტრატორი, რომელმაც მთელი მსოფლიო ვირტუალურად შემოიარა

არ მჯეროდა, რომ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვიმუშავებდი 

30 წლის ლიკა კვირიკაშვილი წიგნის ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია. ის ამჟამად რამდენიმე უცხოურ გამომცემლობასა და კომპანიასთან თანამშრომლობს. ლიკა კლიენტების მოთხოვნებზე მორგებულ, სტილისტურად განსხვავებულ და უნიკალურ ილუსტრაციებს ქმნის. დღეს უკვე 44 ნაბეჭდი წიგნისა და 27 ქინდლის - ციფრული წიგნის ილუსტრატორი გახლავთ, მათ შორის, რამდენიმე ბესტსელერია.


- ბავშვობიდან ვოცნებობდი მხატვარი ვყოფილიყავი. თურმე ფანქარს ხელიდან ვერ მაგდებინებდნენ, ეზოში ლამის ძალით ჩავყავდი მშობლებს, მერჩივნა სახლში ვმჯდარიყავი და მეხატა. პირველ კლასშივე განმიცხადებია თანაკლასელებისთვის, მხატვარი უნდა გამოვიდე-მეთქი. შეიძლება ეს იმანაც განაპირობა, რომ მამა და ბიძა - ორივე მხატვრები არიან, მათაც სამხატვრო აკადემია დაამთავრეს. 4 წელი მოდის დიზაინს ვსწავლობდი, მაგრამ განსაკუთრებულად მომწონდა წიგნის ილუსტრირება. ერთხელ ლექტორმა მითხრა, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი, შენ წიგნის ილუსტრირებაში დიდ წარმატებას მიაღწევო. აკადემიის დამთავრების შემდეგ სარეკლამო-გრაფიკული დიზაინის კურსებზე გრაფიკული პროგრამების შესწავლა დავიწყე. პირველი ილუსტრაციაც გავაკეთე და ძალიან კარგად რომ გამომივიდა, მივხვდი, რა მიმართულებითაც უნდა წავსულიყავი. სწავლის დამთავრების შემდეგ დავიწყე სამსახურის ძიება, გაუთავებლად დავდიოდი გასაუბრებებზე, მაგრამ ამაოდ - ან გამოცდილი კადრი სჭირდებოდათ, ან მე არ მაწყობდა მათი პირობები. ფრილანსერად დავრეგისტრირდი რამდენიმე საიტზე და დაახლოებით ათ დღეში შემომივიდა პირველი პროექტიც. 6 წელი გახდება, რაც ვმუშაობ. მთავარია, როგორ შეასრულებ პირველ შეკვეთას და რამდენად დადებით შეფასებას მიიღებ შესრულებული სამუშაოსთვის, მერე უკვე ყველაფერი დროის ამბავია - რეიტინგიც იმატებს და გაყიდვების რაოდენობაც. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებებმა მართლაც მალევე მოიმატა, ამ ამბავს არასერიოზულად ვუყურებდი. არ მჯეროდა, რომ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვიმუშავებდი და სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. ამიტომ, პარალელურად სტაბილურ სამსახურს მაინც ვეძებდი, ეს საქმე კი დამატებითი შემოსავლის წყაროდ მიმაჩნდა, მაგრამ მთელი დღე კომპიუტერთან რომ ვიჯექი და ვმუშაობდი, სივის გაგზავნის დროც არ მრჩებოდა და ვეღარც გასაუბრებებზე დავდიოდი. აი, მაშინ მივხვდი, რომ სამსახური, საკმაოდ სტაბილური შემოსავლით უკვე მქონდა. როცა პირველი ნაბეჭდი წიგნი ხელში ავიღე და ჩემი ნახატები დავინახე, ძალიან ბედნიერი ვიყავი - ეს იყო 2013 წელს. ის წიგნი გერმანიაში დაიბეჭდა, მწერალმა კი ნამუშევარი გამომიგზავნა. 

წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ : http://gza.kvirispalitra.ge/life/6904-ilustratori-romelmac-mtheli-msoflio-virtualurad-shemoiara.html?fbclid=IwAR1ppXGtm4CFfccPz9WmfkDmkPzGL5TMcfNVQ7v1D69J4vXumY9LJYm83h4

22904832_1653419648022171_8414051603059754494_o.jpg